logo
ENG



ბაქოს თქმით, "უკანონო რეჟიმის" გაუქმების შემთხვევაში ყარაბაღის წარმომადგენლებს შეხვდება

19 სექ 202319:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/19/2erj6dp3xo6n0li.jpg

აზერბაიჯანი მზადაა მთიანი ყარაბაღის სომხეთის მოსახლეობას შეხვდეს, თუმცა გარკვეულ პირობებს აყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაჩერებლად უკანონო სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა თეთრი დროშა უნდა აღმართონ, იარაღი დაყარონ, ხოლო [ყარაბაღის] უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს", - აღნიშნულია ალიევის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობამ ბაქოს ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80 დაშავდა. 

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში "ანტიტერორისტულ ღონისძიებებს" იწყებდა და ტერიტორიის დაბომბა დაიწყო. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების გაყვანას და რეგიონში "რეჟიმის შეცვლას" მოითხოვს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ქმედებები "მასშტაბურ აგრესიად" შეაფასა. ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი სამხედრო პერსონალი არ იმყოფება და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და რუს სამშვიდობოებს მიიღონ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.

მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტი იმყოფება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "სიტუაციის გამწვავების" მიუხედავად მშვიდობისმყოფელები "აგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას". ბაქოში აღნიშნეს, რომ მათ აცნობეს მოსკოვს ოპერაციის შესახებ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა დიალოგი დაიწყოს.


close დახურვა